23 აპრილი, 2021 წ.

ყველა ინფო ერთ სივრცეში!

საქართველოში საყოველთაო კარანტინი ცხადდება

gakharia
0 0
გააზიარეთ სოც. ქსელებში
წაკითხვის დრო:7 წუთი, 21 წამი

მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ხვალ დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სხდომა დღეს გაფართოებულ ფორმატში გაიმართა და მას საბჭოს წევრების გარდა დედაქალაქის მერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

„მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ  ვაცხადებთ ფაქტობრივად, ხაზგასმით აღვნიშნავ – ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ დილის 08:00 საათიდან დაიწყება. ეს კარანტინი ნიშნავს შემდეგს:
 
•          სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე – ქალაქებს შორის.
 
•          დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არ გათვალისწინების შემთხვევაშიც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს.

•          ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით.
 
•          იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია.

•          ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებში მუშაობის წესი ცალკე იქნება გაწერილი და ექნებათ ცალკე პროტოკოლები, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკამ განაგრძოს ფუნქციონირება და ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია საქართველოს ეკონომიკას, სრულად არ იყოს გაჩერებული. ასევე, რა თქმა უნდა იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება.
 
•          აკრძალული იქნება 70 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.

•          იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები მათ მიმართ ვალდებულება აქვს, რომ დაეხმაროს ეკონომიკისა და  ჯანდაცვის სამინისტროებს, აგრეთვე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.
 
•          ყველაზე მნიშვნელოვანი – საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი. 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე. ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ, ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი.

•          პირთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, პირთა გადაადგილების კონტროლის და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ამ პირობების შესრულების მიზნით, ასევე პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები – ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდსა და ქ. გორში. ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. ამ ღონისძიებას განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები და მასთან ერთად ჩართული იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები.
 
•          ძალზედ მნიშვნელოვანი პუნქტი – ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,”- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
 
ბრიფინგის დროს, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა გამკაცრების ღონისძიებებით მინიმალური ზიანის მიყენება მოხდეს  ეკონომიკისთვის.  

 „ჩვენ გვესმის, რომ ამ გამოწვევასაც გავუძლებთ, აქედანაც გამარჯვებულები გამოვალთ და ჩვენ, ჩვენი ეკონომიკა უნდა შევინარჩუნოთ. მაგრამ ის დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენ საქართველოს ქალაქებში ვხედავთ, არის უბრალოდ მიუღებელი.  ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ვერ ათვითცნობიერებს პრობლემის სიმძიმეს” –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების ერთადერთი ინსტრუმენტია, იყოს ეფექტური და წარმატებული ამ ვირუსთან ბრძოლაში, მიიღოს სწრაფი და თამამი გადაწყვეტილებები და არ აქვს იმის უფლება, რომ დააგვიანოს.

„მე მინდა რამდენიმე ციფრი მოგახსენოთ, რომელიც ეხება ჩვენს მეგობარ ქვეყნებს – ბოლო თვეების განმავლობაში, მას შემდეგ რაც ეს ვირუსი გახდა პრობლემა და გამოწვევა მსოფლიოსთვის, იტალიაში გარდაცვლილია 10 779 ადამიანზე მეტი, ესპანეთში 6803 ადამიანი, საფრანგეთში 2606 ადამიანი, დიდ ბრიტანეთში 1228 ადამიანი, ნიდერლანდებში 776 ადამიანი, გერმანიაში 541 ადამიანი.  რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს ვუსამძიმრებთ, ჩვენ გლობალურ ბრძოლაში ვართ მათთან ერთად და ჩვენი ვალდებულება გახლავთ ის, რომ აქ, საქართველოში, სანამ ჩვენ კიდევ ვაკონტროლებთ სიტუაციას, სანამ ჩვენი ყოველდღიური და პრევენციული ნაბიჯები გვაძლევს საშუალებას, რომ ვთქვათ, რომ ჩვენ შედარებით ასე თუ ისე ნორმალურად ვუმკლავდებით გამოწვევებს, ამან არ მოგვცეს მოდუნების საფუძველი. ჩვენ აბსოლუტურად უნდა ვიაზრებდეთ იმ მდგომარეობის სიმძიმეს, რომელსაც ვხედავთ ყოველდღიურად ევროპის ქვეყნებში. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც საქართველოზე ეკონომიკურად ბევრად უფრო ძლიერები არიან და ეს ის ქვეყნებია, რომელთა თუნდაც ჯანდაცვის სისტემა ბევრად უფრო ძლიერია. ჩვენი ერთადერთი ინსტრუმენტი, ვიყოთ ეფექტურები და წარმატებულები ამ ვირუსთან ბრძოლაში არის სწრაფი და თამამი გადაწყვეტილებები და არცერთ შემთხვევაში არ გვაქვს იმის უფლება, რომ დავიგვიანოთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენები  ცხადყოფს, ყველა მოქალაქეს არ აქვს ბოლომდე გათვითცნობიერებული მდგომარეობის სიმძიმე და ის რისკები, რომელიც შეიძლება არსებობდეს.

„ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენები და რამდენიმე რეგიონში ვიზიტი ცხადყოფს, რომ სამწუხაროდ, ყველა ჩვენს მოქალაქეს არ აქვს ბოლომდე გათვითცნობიერებული მდგომარეობის სიმძიმე და ის რისკები, რომელიც შეიძლება არსებობდეს თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე, რომელიც თბილისის ან სხვა ქალაქის ქუჩებში გადაადგილდება. თითოეული მოქალაქის წინაშე, რომელიც აკეთებს თავის ყოველდღიურ საქმეს და ვერც წარმოუდგენია რამდენად მაღალი რისკის შემცველი შეიძლება იყოს მისი ყოველდღიური ცხოვრების წესის გაგრძელება ისე, როგორც ეს იყო ადრე. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი გამკაცრების ღონისძიებებით მინიმალური ზიანი მივაყენოთ ჩვენს ეკონომიკას, რამეთუ ჩვენ გვესმის, რომ ამ გამოწვევასაც გავუძლებთ, აქედანაც გამარჯვებულები გამოვალთ და ჩვენ ჩვენი ეკონომიკა უნდა შევინარჩუნოთ’, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს საბოლოო მონაცემებით, საქართველოში უკვე 100 ინფიცირებულია. გიორგი გახარიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 18 გამოჯანმრთელებულია, ინფიცირებულების რაოდენობის ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

„მინდა რამდენიმე აქცენტი გავაკეთო – დღეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გვაქვს სამი შემთხვევა, რომლის წარმომავლობასაც ვერ ვადგენთ. როდესაც მსგავსი ინფიცირების პირველი შემთხვევა იყო მარნეულში, ჩვენ მივიღეთ საგანგებო ღონისძიებები და მარნეული და ბოლნისი საკარანტინო ზონად გამოცხადდა. დღეს ჩვენ გვაქვს 3 ასეთი შემთხვევა, სამწუხაროდ გვაქვს ერთი შემთხვევა, როდესაც ინფიცირებულია სამედიცინო სექტორის თანამშრომელი და ეს, ყველა იმ სხვა მოცემულობასთან ერთად გვაძლევს შემდგომი აუცილებელი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ბრძოლაში, რომელიც არის გლობალური, ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ არამარტო მედიკოსების გმირული, ყოველდღიური 24 საათიანი შრომით, არა მარტო სახელმწიფო უწყებების, პოლიციის შრომით, არამედ ჩვენს საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან ერთგვარი შეთანხმებით, რომ ეს არის ერთობლივი გამოწვევა, რომელსაც ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ოპერატიული მართვის შტაბზე.

„ღონისძიებების ეფექტურად განხორციელების მიზნით, უკვე შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს პარალელურად და მის ქვემოთ, შეიქმნა ოპერატიული მართვის შტაბი. ოპერატიული მართვის შტაბი იქნება 24 საათის განმავლობაში მომუშავე უწყება, რომელიც სრულ კოორდინაციას გაუწევს იმ გადაწყვეტილებების შესრულებას, რომელიც განხორციელდება და იქნება მიღებული, უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში”,  –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, ოპერატიული მართვის შტაბი ასევე, მონაწილეობას მიიღებს აღნიშნული გადაწყვეტილებების მომზადებაში, საინფორმაციო მომზადებაში და ასევე, ანალიტიკური მასალებით მომზადებაში.

„მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ვუთხრა, რომ მსგავსი შტაბი შეიქმნება ყველა რეგიონში და ჩვენს მოქალაქეებს უახლოეს პერიოდში, დღესვე, ექნებათ სრული  ინფორმაცია, ვინ არის ამ შტაბის ხელმძღვანელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს შტაბები იქნებიან ადგილზე უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განმახორციელებლები და ამასთან ერთად, კოორდინაციას გაუწევენ იმას, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ფუნქციონირება, ეკონომიკამ გააგრძელოს ფუნქციონირება საგანგებო მდგომარეობის და საკმაოდ მძიმე კარანტინის პირობებშიც”, –  განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა,   შეზღუდვების ეფექტიანი აღსრულება და რაც მთავარია, ამ შეზღუდვებში თანამშრომლობა სახელმწიფოს, მოქალაქეს და ამ ქვეყნის ნებისმიერი სოციალური ჯგუფის, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ, ის შედარებით წარმატებული გამოწვევაზე პასუხი, რაც აქამდე გვქონდა, გავაგრძელოთ.

„მე მინდა, თითოეულმა ჩვენგანმა გაიაზროს ერთი რამ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ დღეს საქართველოში არის 100 ინფიცირებული და დაგვეწყო შიდა გადაცემა, მხოლოდ 3 შემთხვევა გვაქვს ამ შიდა გადაცემის. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო სრულად აკონტროლებდა საზღვრებს, მათ შორის კარანტინის ზონებით. ჩვენ ამ იმპორტირებულ კონტროლს, რა თქმა უნდა, ინფიცირების, გავაგრძელებთ, მაგრამ პროცესი, რომელიც ეხება შიდა გადაცემას, ეს არის უაღრესად დიდი საფრთხის შემცველი. ეს ის შემთხვევაა, რომლის კონტროლიც მხოლოდ  სახელმწიფო უწყებების მხრიდან, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან, უბრალოდ შეუძლებელია. ეს ის შემთხვევაა, როდესაც თანამშრომლობას, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, სახელმწიფოს ინტიტუტებს, მოქალაქეებსა და სამოქალაქო სექტორის თითოეულ წარმომადგენელს შორის აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა”, –  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიამ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მიმართა და ხაზი გაუსვა, რომ ამ პირობების და ამ შეზღუდვების შესრულება არის ზღვარი, რომელზეც გადის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, ვიყოთ ეფექტურები და ყველას გვესმოდეს, რომ ეს არის ის შემთხვევა, როდესაც განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა სახის მსოფლმხედველობისა, ჩვენ ვემსახურებით ერთადერთ მიზანს, ეს არის საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე”, –  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
 
როგორც პრემიერ- მინისტრმა აღნიშნა, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ხვალ დილის 08:00 საათიდან შევა ძალაში.
„მინდა მივმართო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს – ამ პირობების და ამ შეზღუდვების შესრულება არის ზღვარი, რომელზეც გადის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, ვიყოთ ეფექტურები და ყველას გვესმოდეს, რომ ეს არის ის შემთხვევა, როდესაც განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა სახის მსოფლმხედველობისა, ჩვენ ვემსახურებით ერთადერთ მიზანს – ეს არის საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. მინდა გითხრა, რომ თქვენც, ჟურნალისტებს შეგიძლიათ ისარგებლოთ ნომრით 144. იმისთვის, რომ მედიას არ ჰქონდეს არანაირი პრობლემა მუშაობაში. საგანგებო მდგომარეობის პირობები დაიწყება ხვალ დილის 08:00 საათიდან, ხოლო სპეციალური საკარანტინო ღონისძიებები, რაც ფაქტობრივად ნიშნავს ქუჩაში გადაადგილების აკრძალვას, დაიწყება ხვალ 21:00 საათიდან და გაგრძელდება დილის 06:00 საათამდე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

წყარო : http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=541&info_id=75772

About Post Author

Administrator

administrator
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •